დღის ახალი ამბები

,,ევრო 2024-ზე კვარაცხელიას მაგია საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება''

,,ევრო 2024-ზე კვარაცხელიას მაგია საქართველოსთვის გადამწყვეტი იქნება''
6-06-2024, 11:57

გამოცემა როიტერი ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, ვრცელ სტატიას აქვეყნებს:
,,ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, სახელი გასულ სეზონში გაითქვა, როცა ნაპოლის სერია A-ს მოგებაში დაეხმარა. ახლა კი, ის მზადაა საერთაშორისო ასპარეზზეც გაიბრწყინოს, რათა საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე, რომელიც ქვეყნისთვის პირველი დიდი ტურნირია, თავის საუკეთესოდ გამოვლინებაში დაეხმაროს.

კვარაცხელიამ დიდი გუნდების ყურადღება ჯერ კიდევ საქართველოსა და რუსეთში თამაშის დროს მიიპყრო, მაგრამ მისმა პოპულარობამ პიკს ნაპოლიში მიაღწია.

კვარა სერია A-ს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, საუკეთესოდ დასახელდა მისი გოლიც. გარდა ამისა, მან დიდი როლი შეასრულა ნაპოლის ჩემპიონობაში, რომელმაც ტიტული 1990 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

ბიჭმა, რომელსაც გულშემატკივრებმა კვარადონა შეარქვეს, საკმარისი გააკეთა იმისთვის, რათა დაწყებულიყო დებატები იმის შესახებ, უნდა ეტარებინა თუ არა მას 10-ნომრინი მაისური, რომელიც მარადონას გამო, ნეაპოლში ხმარებიდან ამოღებულია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონში ისეთივე სიმაღლეებს ვერ მიაღწია, ნაპოლის მაისურით 11 გოლი გაიტანა (12 - 2022-2023 წლების სეზონში), 4 გოლით კი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ბომბარდირი გახდა.

რა თქმა უნდა, მისი თამაში მხოლოდ გოლებით არ განისაზღვრება, მთავარი ტექნიკური შესაძლებლობები და არაპროგნოზირებადობაა, რაც მას მეტოქისთვის საშიშს ხდის.

საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფში საბერძნეთი დაამარცხა. 23 წლის ფეხბურთელმა დამატებით დროში მოედანი ტრავმის გამო დატოვა, მაგრამ მხოლოდ პირველ ტაიმში ბერძენ მცველებს 3 ყვითელი ბარათი მიაღებინა.

ეს 2022 წელს ერთა ლიგაზე წარმატებული თამაშის შედეგი იყო, როცა კვარაცხელიამ 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა, საქართველომ კი 5 მოგებითა და 1 ფრით C ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა.

მარადონას გარდა, ხვიჩას ჯორჯ ბესტსაც ადარებენ, მაგრამ ჩრდილო ირლანდიელისგან განსხვავებით, ქართველს შანსი ექნება, საკუთარ ქვეყანასთან ერთად, დიდ საფეხბურთო ტურნირზე გაიბრწყინოს და მისი ფორმა საქართველოს ნაკრების იმედებისთვის გადამწყვეტი იქნება.''- წერს როიტერი
ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, მეორე შეხვედრაში 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდება (ჰამბურგში), ჯგუფის ბოლო ტურში კი, 26 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე პორტუგალია იქნება.

წყარო: 

belive.ge/






გაზიარება
მოინახულეს 257-ჯერ
კომენტარები
რეკლამა