დღის ახალი ამბები

"ლივერპულის" ძირითადი მეკარე სეზონის ბოლომდე გიორგი მამარდაშვილი იქნება

"ლივერპულის" ძირითადი მეკარე სეზონის ბოლომდე გიორგი მამარდაშვილი იქნება


3-04-2026, 11:40

ალისონ ბეკერის ტრავმა გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ, ბრაზილიელი „ლივერპულს“ სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება. დარჩენილ შეხვედრებში გუნდის კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს, – ინფორმაციას This Is Anfield-ი ავრცელებს.


„არნე სლოტმა დაადასტურა ალისონის ხანგრძლივი ტრავმა და განაცხადა, რომ ის „პარი სენ-ჟერმენთან“ ორივე მატჩს გამოტოვებს და მხოლოდ სეზონის ბოლოსთვის შეიძლება დაბრუნდეს.


ბრაზილიელის მდგომარეობაზე სლოტს „მანჩესტერ სიტისთან“ ასოციაციის თასის მეოთხედფინალური მატჩის წინ ჰკითხეს.


„ის გამოტოვებს არა მხოლოდ ამ შეხვედრას, არამედ „პარი სენ-ჟერმენთან“ ორივე მატჩსაც. საერთო ჯამში, ალისონი უფრო ხანგრძლივი პერიოდით დაგვაკლდება, თუმცა ველით, რომ სეზონის ბოლოსთვის ფორმაში იქნება“, – ამბობს სლოტი.


ბრაზილიელის არყოფნა ნიშნავს, რომ გიორგი მამარდაშვილი სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებში მწვრთნელის მთავარი არჩევანი იქნება. „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის, ასოციაციის თასის ტიტულებისა და პრემიერლიგის ხუთეულში ადგილისთვის იბრძვის“, – წერს გამოცემა.


წყარო: 1tv.ge-sport





  • გაზიარება
    მოინახულეს 203-ჯერ
    რეკლამა