დღის ახალი ამბები

ლაშა ბექაური ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

ლაშა ბექაური ევროპული თამაშების საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა
7-06-2024, 15:30

2023 წლის მესამე ევროპული თამაშების საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა და იანეშ კოჩიანჩიჩის სახელობის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, ევროპული თამაშების გუნდური გათამაშების გამარჯვებული ლაშა ბექაური. ჯილდო ძიუდოისტს გადასცეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელი პირები.
ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი სპორტული ღონისძიებაა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდით ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. მასში სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობას 7 000-ამდე სპორტსმენი იღებს.
2023 წელს კრაკოვში გამართულ მესამე ევროპულ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს მედლები კიკბოქსიორმა ლუკა შონიამ (75 კგ), ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ, ტაეკვონდოისტმა ზურაბ კინწურაშვილმა (74 კგ) და საქართველოს ძიუდოისტთა შერეულმა ნაკრებმა მოიპოვეს, ვერცხლის მედლების მფლობელები ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე (კანოე, 200 მ) და მოკრივე ლაშა გურული (63,5 კგ) გახდნენ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს კარატისტი გოგიტა არქანია (84 კგ), კიკბოქსიორი ზურაბ ივანიაძე (86 კგ) და ტაილანდურ კრივში მოასპარეზე ელენე ლოლაძე (54 კგ) დაეუფლნენ.

წყარო: ალია






გაზიარება
მოინახულეს 222-ჯერ
კომენტარები
რეკლამა